განცხადება საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების თარიღის დანიშვნის თაობაზე

  • July 3, 2013

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად დასახელდა 2013 წლის 27 ოქტომბერი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით აღიარებულ იქნა ტექნური ხასიათის შეცდომად და ოფიციალურ თარიღად განისაზღვრა 31 ოქტომბერი.

საპრეზიდენტო არჩევნების თარიღმა საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან 2013 წლის 31 ოქტომბერი არის სამუშაო დღე, კერძოდ ხუთშაბათი. ამასთან, გამოითქვა მოსაზრება, რომ პრეზიდენტს საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის უფლება სამუშაო დღეს არ ჰქონდა. თუმცა, უნდა აღინოშნოს რომ, მოქმედ კანონმდებლობაში დაკონკრეტებული არ არის, თუ რომელ დღეს არის ნებადართული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. შესაბამისად პრეზიდენტი უფლებამოსილია საპრეზიდენტო არჩევნების დღე თავად განსაზღვროს.

აღნიშნულ მოვლენას გამოეხმაურა არასამთავრობო სექტორი, კერძოდ მათი განცხადებით სამუშაო კვირის შუა პერიოდში არჩევნების გამართვა საქართველოში მცხოვრები მოქალაქეებისთვის გარკვეულ დაბრკოლებას წარმოადგენს, რადგან ხშირ შემთხვევაში ამომრჩეველს მისი რეგისტრაციის ადგილზე სჭირდება მისვლა, რაც ხშირად ერთი ქალაქიდან მეორეში გადაადგილებას გულისხმობს, რისთვისაც ერთი სამუშაო დღის უქმად გამოცხადება საკმარისი არ არის. შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტმა მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი ამომრჩევლების აქტიურობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ და უზრუნველყოს საქართველოს თითოეული მოქალაქის საარჩევნო უფლების რეალიზების შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მივიღოთ საქართველოს მოქალაქეების ნიჰილისტური დამოკიდებულება საარჩევნო პროცესების მიმართ, რაც დემოკრატიული საზოგადოებისათვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

შემდგომ პერიოდში გაიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა არჩევნების თარიღთან დაკავშირებით. რის შემდგომ პრეზიდენტმა გაიზიარა საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შემოთავაზება და არჩევნების დღედ გამოცხადდა 2013 წლის 27 ოქტომბერი.

მისასალმებელია პრეზიდენტის გადაწყვეტილება არჩევნების თარიღად 2013 წლის 27 ოქტომბრის გამოცხადების შესახებ, რომელიც ემყარება საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის პოზიციას. თუმცა, ამასთან აღსანიშნავია რომ მოქმედი საარჩევნო კოდექსის მე–6 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს არჩევნების დანიშვნის თარიღს საჭიროებს მეტ კონკრეტიზაციას რათა სამომავლოდ მსგავსი სიტუაცია თავიდან იქნეს აცილებული.

სოციალური ქსელი