სამშენებლო წესები და ნორმები – საქართველოს ტექნიკური კანონმდებლობის განახლების საჭიროება

construction career

ბოლო წლების განმავლობაში, მწვავე კრიზისში აღმოჩენამდე, საქართველოში არსებული სამშენებლო ბუმი განპირობებული იყო მცირე რისკების ფასად მაღალი მოგების შესაძლებლობებით. აღნიშნულ მიმზიდველობას კიდევ უფრო ზრდიდა, სამშენებლო ნორმების ბუნდოვანება და ეფექტური კონტროლის განხორციელების შეუძლებლობა. სათანადო რეგულირების არარსებობა, შესაძლებლობას აძლევდა სამშენებლო კომპანიებს თავი აერიდებიათ მაღალი სტანდარტების დაცვისათვის და მინიმალური ხარჯებით მოეხდინათ ძვირადღირებული ნაგებობების აგება. აღნიშნული სექტორში ბოლო დროს გარკვეული ძვრები შეინიშნება, რამაც კიდევ ერთხელ გააქტიურა საკითხი თუ რამდენად უსაფრთხოა საქართველოში განხორციელებული მშენებლობები და რა წესებით რეგულირდება აღნიშული სფერო.

საბჭოთა პერიოდში, მთელი კავშირის მასშტაბით სავალდებულო იყო ერთიანი სამშენებლო ნორმები და წესები – ე.წ. სნიპები(СНиП – Строительные нормы и правила). თავისი არსით აღნიშნული სრულად იყო მორგებული საბჭოთა სისტემაზე, როდესაც დამკვეთი, დამპროექტებელი, მშენებელი, მაკონტროლებელი და ყველა რესურსის მესაკუთრე მხოლოდ ერთი სუბიექტი იყო – სახელმწიფო. აღნიშნული ნორმები მოუქნელია და შეუფერებელი საბაზრო ეკონომიკის მოდელისათვის და შესაბამისად ეფექტურად თავის ფუნქციების ვეღარ ასრულებს.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საბჭოთა ნორმების, წესებისა და ტექნიკური რეგულაციების უმეტესობა  საქართველოში დღემდე გამოყენებაშია და არჩევის შემთხვევაში სავალდებულო ძალა აქვს. გარდა საბჭოთა ნორმებისა, არსებობს ქართული სამშენებლო წესები და ნორმები, თუმცა სულ რამოდენიმე მიმართულებით და მას არ აქვს ერთიანი, კომპლექსური რეგულირების სახე. მოცემულ საკითხში არსებული ხარვეზის შევსებას შეეცადა საქართველო მთავრობა 2006 წელს, როდესაც დაუშვა მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ტექნიკური რეგულირების ნორმების გამოყენება. რასაკვირველია, როგორც საბჭოთა, ისე თანამედროვე ქვეყნების ნორმების გამოყენების დაშვება გარდამავალი ეტაპია, თუმცა სფეროს საბოლოო დარეგულირება საკმაოდ გაჭიანურდა, რაც აზარალებს პირველ რიგში მოსახლეობას, სამშენებლო სექტორს და ეჭქვეშ აყენებს მიმდინარე თუ დასრულებული მშენებლობების ხარისხს.

უკვე რამოდენიმე წელიწადია ეკონომიკის სამინისტრო ტექნიკური საკანონმდებლო ბაზის განახლებაზე მუშაობს. მიმდინარეობს მუშაობა, რომ საქართველო საბოლოოდ ჩამოშორდეს მოძველებულ საბჭოთა ნორმებს და სანაცვლოდ შეუერთდეს რომელიმე საერთაშორისო სამშენებელო კოდს. ამ მხრივ გარკვეული სამუშაოებია ჩატარებული ორი მიმართულებით: ითარგმნა და დარეგისტრირდა როგორც საერთაშორისო სამშენებლო კოდების – IBC-ს ცალკეული თავები, ასევე რამოდენიმე ევროკოდი.

საერთაშორისო სამშენებლო კოდი (IBC) საერთაშორისო კოდების საბჭოს (International Code Council (ICC) მიერ შემუშავებული არასავალდებულო ძალის მქონე სამშენებელო ნორმებს კრებულს წარმოადგენს. პირველი რედაქცია გამოიცა 2000 წელს. კოდი მთლიანად მორგებულია ამერიკულ სისტემაზე, ამიტომ მისი საქართველოში შემოღება აუცილებლად საჭიროებს ადაპტირებას და ცალკეულ სფეროებში ახალი მიდგომის შემოღებას.

ევროკოდები არის ევროპული სტანდარტების კრებული შენობებისა და ნაგებობების დაპროექტებისათვის,  სამოქალაქო სამშენებლო სამუშაოებისათვის და სამშენებლო მასალებისათვის. მათ სავალდებულო ძალა გააჩნიათ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისათვის. 1975 წლიდან მოყოლებული  ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშავდებოდა და პირველი ევროკოდი 2002 წელს გამოიცა. განსხვავებით IBC-გან ევროკოდები თავსებადია ქართულ სისტემასთან და უფრო ახლოა საქართველოში ხანგრძლივი პრაქტიკის მქონე “სნიპებთან” და “გოსტებთან” (Государственный стандарт)1.

დღესდღეობით საქრთველოში ძალიან ბევრი, ერთმანეთისაგან განსხვავებული და არაჰარმონიზებული სამშენებლო ნორმები მოქმედებს, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს სამშენებლო სექტორს, შესრულებული სამუშაოების ხარისხს და რასაკვირველია საფრთხეს უქმნის მოსახლეობის უსაფრთხოებას. საქართველომ უნდა გააკეთოს არჩევანი რომელიმე კონკრეტული მიმართულებით, შემდგომ კი დაგეგმოს და განახორციელოს სტრატეგიული, მრავალწლიანი სამუშაო, რათა საქართველოში სრულყოფილად დაინერგოს თანამედროვე სამშენებლო რეგულაციები და მოუწესრიგებელი სამშენებლო სფერო საბოლოოდ დარეგულირდეს. აღნიშნული მიზნით წინა წლების განმავლობაში ჩატარებული იქნა გარკვეული სამუშაოები, პირველ რიგში იმისათვის რომ ფართო საზოგადოებისათვის გაეცნოთ სამშენებლო წესების განვითარების ევროპული და ამერიკული პერსპექტივები და არჩეული ყოფილიყო ის სისტემა, რა მიმართულებითაც საქართველო განაგრძობდა მუშაობას ტექნიკური კანონმდებლობის ჰარმონიზების თვალსაზრისით. სამწუხაროა, რომ აღნიშნული სამუშაო არ იქნა მიყვანილი ბოლომდე და შეჩერებულია.

მნიშვნელოვანია, რომ ზემოაღნიშნული პროცესი არ შეჩერდეს და გაგრძელდეს აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით. მიგვაჩნია, რომ სამშენებლო სფეროს დარეგულირება აუცილებელია და აღნიშნული უნდა განხორციელდეს სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამშნებლო ინდუსტრიისა და აკადემიური წრეების კოორდინირებული მუშაობით. მნიშვნელოვანია სრულად მოხდეს საერთაშორისო სტანდარტების მნიშვნელობის გაცნობიერება და გადაწყვეტილების მიღება სათანადოდ ინფორმირებული სამშნებლო სექტორის მონაწილეობით.

_______________________

1. საქართველოში არსებობს ან შენდება არაერთი ნაგებობა, რომლებიც მათივე მშენებლების განცხადებით სრულიად ევროკოდების დაცვით იქნა აშენებული. მაგ.: თბილისის პროკურატურის შენობა (http://goo.gl/QvBpMw); ბათუმის იუსტიციის სახლი (http://goo.gl/MTUJn5)

სოციალური ქსელი