თავისუფალი ეკონომიკური ზონის პოტენციური რისკები საქართველოში

  • July 21, 2014

ბოლო წლების განმავლობაში  საქართველომ გამოხატა მნიშვნელოვანი დაინტერესება თავისუფალი ეკონომიკური ზონების მიმართ. კერძოდ, ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივების და ლიბერალური ეკონომიკური კურსის გატარების შემდეგ, 2007 წლიდან მოყოლებული ქ.ფოთში, ქ.ქუთაისში და სოფელ ყულევში  შეიქმნა თავისუფალი ეკონომიკური ზონის ერთ-ერთი სახეობა თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ხოლო, 2010 წელს ქობულეთში, სოფელ ანაკლიაში და სოფელ განმუხურში  თავისუფალი ტურისტული ზონა. ამასთან, 2010 წელს ქვეყნის ტერიტორია  გამოცხადდა საინფორმაციო ტექნოლოგიურ ზონად.

უშუალოდ თავისუფალი ეკონომიკური ზონა წარმოადგენს ქვეყნის ტერიტორიულ ნაწილს, განსაკუთრებული ეკონომიკური, სამართლებრივი, ადმინისტრაციული და საგადასახადო რეჟიმით. მისი ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ფაქტორებს წარმოადგენს საკანონმდებლო და საშეღავათო პირობების არსებობა, მასთან დამაკავშირებელი საგზაო, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მის სიახლოვეს ფინანსური ინსტიტუტების ხელმისაწვდომობა და მეტნაკლებად კვალიფიციური ადგილობრივი კადრების არსებობა.  

საქართველოში თავისუფალი ეკონომიკური ზონის სხვადასხვა სახეობის შექმნა მიზნად ისახავდა საგარეო პოლიტიკური კავშირების გაფართოებას, უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვას, დასაქმების ხელშეწყობას და ახალი ტექნოლოგიების განვითარებას. თუმცა ამ მიზნით საკანონმდებლო და საშეღავათო პირობების უზრუნველყოფა და ინფრაქტრუქტურის მოწყობა არ წარმოადგენს ზონის წარმატებული ფუნქციონირების უპირობო გარანტს. მნიშვნელოვანია ქვემოთ მოცემული პოტენციური რისკების და საფრთხეების განსაზღვრა და ანალიზი:

●  ახლად შექმნილი თავისუფალი ეკონომიკური ზონა წარმოადგენს უკვე მოქმედი და ავტორიტეტული ზონების ალტერნატივას, რომლებსაც გააჩნიათ საქმიანობის მსგავსი სპეციფიკა ან/და ტერიტორიული სიახლოვე. აღნიშნული ქმნის საშიშროებას, რომ ახლადშექმნილი ზონა ვერ გაუძლებს მაღალ კონკურენციას..

●  თავისუფალი ეკონომიკური ზონა ერთის მხრივ ხელს უწყობს საინვესტიციო პროცესების გააქტიურებას, მაგრამ მეორეს მხრივ ხელს უწყობს მისი მიმდებარე ტერიტორიების დაცლას და ეკონომიკურ კვდომას. კერძოდ, საშეღავათო სისტემის არსებობის პირობებში ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის ქვეყანაში პრიორიტეტული ხდება თავისუფალი ეკონომიკური ზონა.

●  თავისუფალი ეკონომიკური ზონის სხვადასხვა სახეობების შექმნის მიზნით ქვეყანაში საგადასახადო რეჟიმის და ადმინისტრაციული მოთხოვნების ხშირი ცვლა უარყოფით გავლენას ახდენს სამეწარმეო საქმიანობის აქტივობაზე.

●  ქვეყნის საზღვაო ნავსადგურში ინვესტიციის მიუხედავად თავისუფალი ეკონომიკური ზონისთვის მისი ნაწილობრივ ან სრულად დათმობის შემთხვევაში სახელმწიფო მოკლებული იქნება თავისი საზღვაო და საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის სრულად რეალიზების შესაძლებლობას.

●  თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის შემდეგ აღნიშნული ტერიტორია რჩება ქვეყნის ეკონომიკური კონტროლის გარეთ და სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტს უმცირდებათ შემოსავალი.

●  მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში არსებობს არალეგალური საქმიანობის, ფულის გათეთრების და კორუფციული გარიგებების წარმოების მაღალი ალბათობა.

ცხადია, მაღალი დონის  საშეღავათო პირობები, ინფრაქტრუქტურის მოწესრიგება, სახელმწიფოს მხრიდან ზონის საქმიანობაში ჩაურევლობა და მაქსიმალური მხარდაჭერა არის თავისუფალი ეკონომიკური ზონის წარმატების და განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობა, თუმცა არ წარმოადგენს მისი წარმატების უპირობო გარანტს. საქართველოს შემთხვევაში აუცილებელია მოხდეს ზემოთაღნიშნული პოტენციური რისკების და საშიშროებების განსაზღვრა და მათი მინიმუმადე დაყვანის ან/და აღმოფხვრის მიზნით გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები. კერძოდ, მნიშვნელოვანია მოხდეს უცხოეთის ქვეყნებში თავისუფალი ეკონომიკური ზონის ფუნქციონირების წარმატებული და წარუმატებელი მაგალითების და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკური და საინვესტიციო მდგომარეობის ხელახალი შესწავლა და ანალიზი. ხოლო, აღნიშნული პროცესის შემდე თავისუფალი ეკონომიკური ზონის რეგულირების და საქმიანობის სრულყოფის მიზნით აუცილებელია შესაბამისი მიმართულებებით ცვლილებების გატარება. სწორედ მსგავსი კომპლექსური ღონისძიებების გატარების გზით იქნება შესაძლებელი საქართველოში თავისუფალი ეკონომიკური ზონის  სხვადასხვა სახეობის შექმნა და ფუნქციონირება გამოდგეს წარმატებული.

სოციალური ქსელი