თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის მიზეზი და მიზანი საქართველოში

  • August 15, 2014

თავისუფალი ეკონომიკური ზონა წარმოადგენს ქვეყნის ტერიტორიულ ნაწილს, განსაკუთრებული ეკონომიკური, სამართლებრივი და ადმინისტრაციული რეჟიმით, რომელიც უზრუნველყოფს საგარეო ეკონომიკური კავშირების გაფართოებას, უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვას, დასაქმების ხელშეწყობას და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას. არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით მათი შექმნის მიზეზი და მიზანი სხვადასხვა რეგიონებში კონკრეტულ შემთხვევებში ერთმანეთისგან განსხვავდება.

საქართველოს შემთხვევაში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის მიზეზი და მიზანი პირობითად შეიძლება დაიყოს სამ ჯგუფად. კერძოდ, ეკონომიკური – ითვალისწინებს გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამოყენებას, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში აქტიურ ჩაბმას. სოციალური – ითვალისწინებს შედარებით ჩამორჩენილი რეგიონების განვითარების სტიმულირებას, კვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. მეცნიერულ-ტექნიკური – ითვალისწინებს უცხოური და ადგილობრივი მოწინავე ტექნოლოგიების მოზიდვას, დანერგვას და განვითარებას.

უფრო კონკრეტულად, საქართველოში თავისუფალი ეკონომიკური ზონის სხვადასხვა სახეობის, შექმნის მიზანია უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვა, კონკრეტულ რეგიონში განვითარების დონის ამაღლება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკური აღმავლობის და სამეწარმეო პროცესების ხელშეწყობა. აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოში შექმნილია თავისუფალი ეკონომიკური ზონის შემდეგი სახეობები:

●  ქ. ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეიქმნა 2009 წელს და განთავსებულია 300 ჰექტარზე ნავსადგურის ყოფილ ტერიტორიაზე. იგი სპეციალიზირებულია მრეწველობის, სასაწყობე მეურნეობის და საკონტეინერო ტერმინალების საქმიანობაზე. ქ. ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეიქმნა 2009 წელს და მდებარეობს 27 ჰექტარზე ყოფილი საავტომობილო ქარხნის ტერიტორიაზე. მისი საქმიანობის სახეა საყოფაცხოვრებლო ელექტრო ტექნიკის გამოშვება-რეალიზაცია და ტექსტილის ნაწარმის დამზადება. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში 2012 წელს დაიგეგმა 600 ჰექტარზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მშენებლობა, რომელიც უნდა ამოქმედდეს 2014 წლიდან. მასში იგეგმება აზო­ტის სა­სუ­ქი­ს და კარ­ბა­მი­დის ქარ­ხ­ნის მშე­ნებ­ლო­ბა.

●  ტურიზმის განვითარების და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით ქ.ქობულეთში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში და განმუხურში 2012 წელს შეიქმნა თავისუფალი ტურისტული ზონა. მას აქვს ვიწრო სპეციალიზაცია და მოიცავს მხოლოდ სასტუმროების კერძო ბიზნესს. პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია მათი მშენებლობა, რომლის კრიტერიუმიც წინასწარ განსაზღვრულია სახელმწიფოს მიერ. თუმცა ინვესტორს უფლება აქვს შეიტანოს სამშენებლო პროექტში გარკვეული ცვლილებები.

●  საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერის, განვითარების და პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების შექმნის მიზნით 2010 წელს საქართველო გამოცხადდა საინფორმაციო ტექნოლოგიურ ზონად. კერძო კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას, მათი სურვილის და განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში ისარგებლებენ სხვადასხვა სახის შეღავათებით.

საერთო ჯამში უნდა აღინიშნოს რომ, საქართველოში თავისუფალი ეკონომიკური ზონის რამდენიმე სახეობის შექმნა მიზნად ისახავს კერძო ინვესტიციების გზით ქვეყნის მაშტაბით კონკრეტული რეგიონების და საქმიანობის სახეობის განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და სამეწარმეო აქტივობის ხელშეწყობას. თუმცა, შესაბამისი მარეგულირებელი კანონმდებლობის შექმნის, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების და საშეღავათო სისტემის დაწესების გარდა მნიშვნელოვანია დადგინდეს თუ რამდენად წარმატებით ფუნქციონირებენ თავისუფალი ეკონომიკური ზონის კონკრეტული სახეობები პრაქტიკაში. უნდა აღინიშნოს რომ, საქართველოში თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნის პერიოდი მხოლოდ რამდენიმე წელს მოიცავს, რაც ართულებს სრულყოფილ ანალიზს და არგუმენტირებულ დასკვნას თუ რამდენად წარმატებულია მათი პრაქტიკული საქმიანობა.

სოციალური ქსელი