შსს რეიდების დროს გამოვლენილი პრობლემები და რეკომენდაციები

  • September 9, 2014

„სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტი“ გამოეხმაურა უკანასკნელ პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ სპეციალურ საპოლიციო კონტროლს, რა დროსაც ხდება მოქალაქეების გაჩერება, გამოკითხვა, ჩხრეკა და რიგ შემთხვევებში ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება. ამ პროცესში უშუალოდ მოქალაქეების და მედია საშუალებების მიერ ვრცელდება ინფორმაცია შსს თანამშრომლების მხრიდან უხეში მოპყრობის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტებთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური პირების მიერ კეთდება მხოლოდ ზოგადი ხასიათის განცხადებები, სადაც ისინი განმარტავენ, რომ მოქალაქეებს აქვთ უფლება შესაძლო დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით მიმართონ შსს გენერალურ ინსპექციას, რომელიც თავის მხრივ შეისწავლის აღნიშნულ ფაქტებს და ახდენს შესაბამის რეაგირებას. ამასთან, აქცენტი კეთდება ტერმინთა განმარტებაზე, კერძოდ თუ რა განსხვავებაა ე.წ რეიდებს და სპეციალურ საპოლიციო კონტროლს შორის, თუმცა არ ვრცელდება ინფორმაცია მისი ზუსტი ან სავარაუდო ხანგრძლივობის შესახებ.

შსს თანამშრომლები ნებისმიერი საპოლიციო ღონისძიების, მათ შორის სპეციალური საპოლიციო კონტროლის დროს ვალდებულნი არიან იხელმძღვანელონ მოქმედი კანონმდებლობისპოლიციის შესახებ კანონის და პოლიციის ეთიკის კოდექსის შესაბამისად. რა მიზანსაც არ უნდა ემსახურებოდეს ე.წ რეიდების განხორციელება, მათ შორის გახშირებული დანაშაულების ფონის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გათვალისწინებით,  დაუშვებელია რომ, შსს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოქალაქის მიმართ განხორციელდეს უფლებამოსილების გადამეტება ან რაიმე ტიპის გადაცდომა. შესაბამისად, მნშვნელოვანია, რომ დროულად იქნეს შესწავლილი შსს თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეების მიმართ განხორციელებილი შესაძლო უხეში მოპყრობის და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები, რომელთა შესახებ ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია. ამასთან, აღნიშნული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში ერთის მხირვ, მისი ჩამდენი პირების მიმართ უნდა გატარდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები ხოლო მეორეს მხრივ, სამომავლოდ ხარვეზების აღმოფხვრის და პრევენციის მიზნით შემუშავდეს შესაბამისი რეკომენდაციები.

არანაკლებ მნშვნელოვანია, რომ შსს მიერ შემუშავდეს დანაშაულთან ბრძოლის და პრევენციის უფრო ეფექტური მეთოდები, რომელთა გაწერაც უნდა მოხდეს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის და სტრატეგიის დონეზე. რადგან ე.წ რეიდების განხორციელება ერთის მხრივ, იწვევს მოქალაქეების შეფერხებას და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ხოლო მეორეს მხრივ, მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია მოქალაქეების უკმაყოფილების და კონკრეტული დარღვევების შესახებ. ამასთან, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით შსს მხრიდან უნდა გაკეთდეს ამომწურავი განცხადება თუ რამ განაპირობა სპეციალური საპოლიციო კონტროლის  განხორციელება, მათ შორის მისი მიზნების, მიღწეული შედეგების და დანაშაულის სტატისტიკის შესახებ.

სურათი: http://goo.gl/d07akR

სოციალური ქსელი