მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის მიზანი და მნიშვნელობა

  • January 8, 2015

„სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტი” არაერთხელ გამოეხმაურა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი სახელმწიფო კომისიის შექმნის იდეას და მნიშვნელობას. მოცემულ ბლოგში გვსურს გავაერთიანოთ კომისიასთან დაკავშირებით არსებული მნიშვნელოვანი საკითხები.

2004-2012 წლებში ქვეყნის მაშტაბით მესაკუთრეთა მიერ ქონების მიტოვების და სახელმწიფოსთვის ჩუქების არაერთი ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს სასარგებლოდ მუდმივად თმობდნენ მოძრავ და უძრავ ქონებას. ისინი როგორც წესი არ აკეთებდნენ საჯარო განცხადებებს და არ მიმართავდნენ სამართალდამცავ უწყებებს შესაძლო ზეწოლის და იძულების ფაქტების შესახებ. ამასთან, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში გამოიკვეთა ისეთი ტიპის სისხლის სამართლის საქმეები, სადაც საერთო შეფასებით იკვეთებოდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგომ მთავარ პროკურატურას მიმართა ათასობით მოქალაქემ ჩამორთმეული კერძო საკუთრების დაბრუნების და/ან უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის შესწავლის მოთხოვნით. ამ მიზნით მოქმედი ხელისუფლების მიერ გახმოვანდა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის იდეა, რომლის ფარგლებში დაზარალებულ მოქალაქეებს შეეძლებოდათ კანონიერი უფლებების აღდგენა.

იდეის თანახმად კომისია გამოიკვლევდა საჩივრებში მითითებულ გარემოებებს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე. შემდგომ ეტაპზე კომისია შეიმუშავებდა და შესაბამის ორგანოებს წარუდგენდა მოსაზრებებს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში დაშვებული ხარვეზების გამომწვევი სისტემური მიზეზების თაობაზე. ასევე, გასცემდა რეკომენდაციებს მათი აღმოფხვრისა და მომავალში თავიდან აცილების შესახებ. თუმცა იმ მოტივით, რომ ეს გზა შესაძლოა მძიმე ფინანსური ტვირთი აღმოჩნდეს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, კომისია მხოლოდ ერთი კატეგორიის, კერძოდ სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავდა, ისიც იმ შემთხვევაში თუ მომჩივანს ყველა სასამართლო ინსტანცია ექნებოდა გავლილი ან  საპროცესო შეთანხმება დადებული იქნებოდა ზეწოლის ან იძულების გამოყენებით. სახეცვლილი კანონპროექტი ვენეციის კომისიამ 95-ე პლენარულ სესიაზე განიხილა და შესაბამისი სარეკომენდაციო წინადადებები წარმოადგინა, ხოლო იუსტიციის სამინისტროს განცხადებით მოხდებოდა აღნიშნული რეკომენდაციების და ტექნიკური ხასიათის შენიშვნების გათვალისწინება.

ცხადია, მისასალმებელია მოქმედი ხელისუფლების მიერ აქტუალური პრობლემის განსაზღვრა, მის აღმოსაფხვრელად სპეციალური კომისიის შექმნა და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავება. თუმცა პარალელურად რეაგირების გარეშე რჩება საზოგადოებისთვის საკმაოდ აქტუალური საკითხები. კერძოდ, კომისიასთან მიმართებაში გატარებული ცვლილებების შემდგომ ავტომატურად რეაგირების გარეშე დარჩა კერძოდ საკუთრების უფლება და მისი დაცვის გარანტიები. საგულისხმობა რომ, ოფიციალურ დონეზე გაცხადდა იდეა, რომლის თანახმად მთავარ პროკურატურაში საკუთრებასთან დაკავშირებით არსებულ სარჩელებზე ხელისუფლებამ შესაძლოა  მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება. თუმცა არ განმარტებულა შესაძლო პოლიტიკური გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძველი, აღსრულების მექანიზმი, პასუხიმგებელი პირი, ხანგრძლივობა, შესაძლო რისკი და მიღწეული სიკეთე. თუმცა, საბოლოო ჯამში აღნიშნული განცხადება დარჩა მხოლოდ იდეის დონეზე.

მნიშვნელოვანია კანონიერების და სამართლიანობის აღდგენა მოხდეს როგორც უკანონოდ ან/და დაუსაბუთებლად მსჯავრდებული პირის ასევე, საკუთრება წართმეული პირის მიმართ. ის ფაქტი, რომ მსგავსი ნაბიჯი სახელმწიფო ბიუჯეტისთვის შეიცავს ფინანსურ რისკებს, არ წარმოადგენს დარღვეული საკუთრების უფლების, როგორც კონსტიტუციური უფლების უგულველყოფის საფუძველს. ამასთან, ის ფაქტი რომ მთავარი პროკურატურა შესული განცხადებების სიმრავლის და შეზღუდული საკადრო რესურსის გათვალისწინებით ვერ ახერხებს საქმეების დროულ გამოძიებას, ცხადია ამძიმებს დაზარალებულ მესაკუთრეთა მდგომარეობას. აუცილებელია სახელმწიფოს მიერ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გზით შემუშავდეს კონკრეტული მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც მოხდება კანონიერი უფლების აღდგენა.

თუმცა,  2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე კომისიის შექმნის მიზნით ხელისუფლების მხრიდან არ არის გადადგმული სერიოზული ნაბიჯები. კერძოდ, არსებობს მხოლოდ კანონპროექტი და პერიოდული განცხადებები ოფიციალური თანამდებობის პირების მხრიდან. ამ მიმართულებით ბოლო სიახლეს წარმოადგენდა იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომლის თანახმად კომისია ამ ეტაპზე აღარ შეიქმნება. კერძოდ, მინისტრის განმარტებით კომისიის შექმნის იდეას არ ყავს მოწინააღმდეგეები, თუმცა ხელისუფლების მხრიდან გასათვლელია ის შედეგები, რაც კომისიის შექმნამ შესაძლოა ქვეყანას ფინანსური და ეკონომიკური თვალსაზრისით მოუტანოს.  საერთო ჯამში მოცემულ შემთხვევაში მოქმედი ხელისუფლების პირობებში გასულია საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი, რაც სრულებით საკმირისი იქნებოდა კომისიის მუშაობისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის შემუშავების და სამომავლო რისკების და შედეგების ანალიზისთვის.

უნდა აღინიშნოს რომ, რომ მოქმედი ხელისუფლების მხირდან კომისიის შექმნასთან მიმართებაში სრული უმოქმედობა არსებული მძიმე რეალობის გათვალისწინებით არის მიუღებელი და უსაფუძვლო გადაწყვტილება. ის ქონება რომელიც ამ დროისთვის სახელმწიფოს ბალანსზეა, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გავლით უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს. ხოლო გასხვისებული ქონების შემთხვევაში  უნდა მოხდეს გრძელვადიან პერსპექტივაში არამატერიალური ალტერნატიული წინადადებების შეთავაზება. ცხადია, მიუხედავად არსებული მძიმე მდგომარეობის და საჩივრების სიმრავლის, დაუშვებელია ქვეყანაში პარალელური მართლმსაჯულების სისტემის ფორმირება. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის და არსებული მძიმე რეალობის გათვალისწინებით ხელისუფლებამ უმოკლეს ვადაში უნდა მოახდინოს სავარაუდო კომპესაციების გაცემის პროცედურების და სამომავლო ვადების განსაზღვრა, რათა არ მოხდეს მნიშვნელოვანი ფინანსური დანახარჯები და რისკები სახელმწიფო ბიუჯეტისთვის. ამასთან, სახელმწიფომ დაზარალებული მესაკუთრეების ინტერესებიდან გამომდინარე მის ხელთ არსებული სამართლებრივი მექანიზმების სრული გამოყენებით დროულად უნდა მოახდინოს კომისიის შექმნა და მის ფორმატში საქმეების შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.

სოციალური ქსელი