კონკურენციის პოლიტიკის და ბიზნეს გარემოს მიმოხილვა

  • February 15, 2015

კანონი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ მიღებული იქნა 2012 წლის მაისში, მიუხედავად ამისა მისი პრაქტიკული ამოქმედება არ მომხდარა. აღნიშნულ გარემოებას ხელი შეუწყო 2012 წლის პოლიტიკურმა არასტაბილურობამ. 2012 წლის ოქტომბერში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ გაგრძელდა მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, შედეგად 2014 წლის მარტში კანონს გადაერქვა სახელწოდება, ეწოდა „კონკურენციის შესახებ“ კანონი და მასში შეტანილი იქნა მნიშნელოვანი ცვლილებები. აღნიშნულის ცვლილებების შემდგომ რამოდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა კონკურენციის სააგენტოს ჩამოყალიბებაზე და შიდა საპროცედურო კანონმდებლობის დამუშავებაზე. საბოლოო ჯამში სააგენტო ამოქმედდა მხოლოდ 2014 წლის მიწურულს. 2014 წლის ნოემბერს სააგენტომ განაცხადა რომ საკუთარი ინიციატივით იწყებდა ნავთობპროდუქტების ბაზრის შესწავლას. ასევე მიღებული იყო გადაწყვეტილება ყავის სასაქონლო ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით.

ნავთობპროდუქტების ბაზრის შერჩევა პირველ განსახილველ საქმედ სწორი და სტრატეგიულად გამართლებულ გადაწყვეტილებად შეიძლება მივიჩნიოთ, თუკი მხედველობაში მივიღებთ საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს. აღნიშნული ბაზარი ტრადიციულად მიიჩნეოდა ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე არაჯანსაღად, და ხშირად იყო განხილვის საგანი საზოგადოების, პოლიტიკური და ეკონომიკური ჯგუფების თუ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. მსგავსი ბაზრის შერჩევა მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს სააგენტოს ცნობადობის ზრდისათვის და თუკი აღნიშნული საქმე წარმართული იქნება ეფექტურად ის შეიძლება გახდეს სააგნეტოს სავიზიტო ბარათი. ჯერჯერობით ცნობილია რომ საქმეზე შუალედური კვლევის ანგარიში იქნა მომზადებული, რომელიც წარდგინა პრემიერ მინისტრს, თუმცა კვლევის შედეგები არ გასაჯაროებულა. გაცხადებულ იქნა მხოლოდ ის რომ მოკლვევის შედეგად იკვეთებოდა კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების არსებობის ნიშნები.[1] აღნიშნული საქმის პარალელურად მნიშვნელოვანია თუკი სააგენტო მოახდენს დაკვირვებას და შესწავლას სხვა ბაზრებზე, რომელთა მიმართაც განსაკუთრებით მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი და სადაც არსებული მდგომარეობა ყველაზე მეტად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

აღსანიშნავია რომ კონკურენციის სააგენტოს როლი კიდევ უფრო გაზრდილია ამჟამად, თუკი მხედველობაში მივიღებთ ქვეყანაში გართულებულ ეკონომიკურ მდგომარეობას. დღემდე ქართული ეკონომიკის ერთ-ერთ გადაუჭრელ პრობლემას წარმაოდგანს მცირე და საშუალო ბიზნესის ძალიან მცირე როლი ეკონომიკაში, რომელიც 20%-მდე მერყეობს და რაც ორჯერ ნაკლები მაჩვენებელია 2000 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით. თავისუფალი კონკურენტული ბაზარი, სადაც ალაგმულია ბაზრის დომინანტების მხრიდან მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა და სადაც ადგილი არ აქვს  კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებებს და ქმედებებს, საუკეთესო გარემოს ქმნის მცირე და საშუალო ბიზნების განსავითარებლად.

“სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტი” განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს კონკურენციის პოლიტიკის და ბიზნეს გარემოს შესწავლას. მომავალში ჩვენ კვლავ განვაგრძობთ კონკურენციის სააგნეტოს საქმიანობაზე დაკვირვებას და შედეგების საზოგადოებისათვის გაცნობას.


სოციალური ქსელი