რამდენად მართებულია ეროვნული ბანკის შესახებ დაგეგმილი ცვლილებები

  • June 2, 2015

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს გამოყოფას ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან. აღნიშნული ინსტიტუტის საქმიანობის მნიშვნელობიდან გამომდინარე აუცილებელია არ მოხდეს ცვლილებების მიღება ნაჩქარევად, რათა მოცემულმა პროცესმა არ გამოიწვიოს ეროვნული ბანკის საქმიანობისთვის ზიანის მიყენება და კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების შელახვა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ეროვნულ ბანკს უკვე ჩამოერთვა ფინანსური მონიტორინგის ფუნქცია. ხოლო, მისი საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის გარეშე დატოვება ცალსახად გამორიცხავს ეროვნული ბანკის უმთავრეს ფუნქციის განხორცილებას, რომელიც გულისხმობს ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობას. აღნიშნულს ემატება ის გარემოებაც, რომ დაგეგმილი ცვლილებები მოკლებულია ყოველგვარ გონივრულ საფუძველს, რადგან ეროვნული ბანკი ყველა საერთაშორისო და აგილობრივი შეფასებით წარმატებით ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას და ინარჩუნებს სტაბილურობას და ნდობის მაღალ ხარისხს.

დაგეგმილი ცვლილებების მართებულობას ასევე ეჭვის ქვეშ აყენებს ის გარემობაც, რომ მისი მომზადების პროცესში არ იყვნენ ჩართული ეროვნული ბანკი, კერძო სექტორი, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები და ექსპერტები. ეს მოცემულობა საფრთხეს უქმნის პროცესის გამჭვირვალობას, ქვეყნის საინვესტიციო გარემოს და ფინანსური სექტორის სტაბილურობას. ამასთან, საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფა და ახალი სააგენტოს შექმნა დაკავშირებული დამატებით ხარჯებთან, რაც მოკლებულია გონივრულ საფუძველს იმ პირობებში როდესაც ეროვნული ბანკი წარმატებით ახორციელებს საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციებს.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, რომ სრულად იქნეს გაცნობიერებული დაგეგმილი ცვლილებების მართებულობა, მათი შესაძლო გავლენა და პოტენციური რისკები. ამასთან, დაუშვებელია პოლიტიზირებული გადაწყვეტილების გზით ეროვნული ბანკის, როგორც უმნიშნელოვანესი ინსტიტუტის გაუმართლებელი შესუსტება და მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების დაკნინება.

სოციალური ქსელი