კონკურენციის პოლიტიკის არსი და მიზანი

  • April 22, 2015

კონკურენციის კანონმდებლობის ეფექტური აღსრულება და თავისუფალი და კონკურენტური ბაზრის ჩამოყალიბება თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთ მნიშნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ამ მიზნით მნიშვნელოვანია კონკურენციის პოლიტიკის ანალიზი და მიღებული შედეგების საზოგადოებისათვის გაცნობა. წინამდებარე ბლოგში განვიხილავთ კონკურენციის პოლიტიკის არსის და მიზნის საკიტხებს.

ისტორიული ექსკურსი

კანონი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ მიღებული იქნა 2012 წლის მაისში, მიუხედავად ამისა მისი პრაქტიკული ამოქმედება არ მომხდარა. აღნიშნულ გარემოებას ხელი შეუწყო 2012 წლის პოლიტიკურმა არასტაბილურობამ. 2012 წლის ოქტომბერში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ გაგრძელდა მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, შედეგად 2014 წლის მარტში კანონს გადაერქვა სახელწოდება, ეწოდა „კონკურენციის შესახებ“ კანონი და მასში შეტანილი იქნა მნიშნელოვანი ცვლილებები. აღნიშნულის ცვლილებების შემდგომ რამოდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა კონკურენციის სააგენტოს ჩამოყალიბებაზე და შიდა საპროცედურო კანონმდებლობის დამუშავებაზე. საბოლოო ჯამში სააგენტო ამოქმედდა მხოლოდ 2014 წლის მიწურულს. 2014 წლის ნოემბერს სააგენტომ განაცხადა რომ საკუთარი ინიციატივით იწყებდა ნავთობპროდუქტების ბაზრის შესწავლას. ასევე მიღებული იყო გადაწყვეტილება ყავის სასაქონლო ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით ცნობილია რომ საქმეზე შუალედური კვლევის ანგარიში იქნა მომზადებული, რომელიც წარდგინა პრემიერ მინისტრს, თუმცა კვლევის შედეგები არ გასაჯაროებულა. გაცხადებულ იქნა მხოლოდ ის რომ მოკლვევის შედეგად იკვეთებოდა კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების არსებობის ნიშნები.

კონკურენციის სააგენტოს როლი

საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების შესაქმნელად მთავარი ფუნქცია ეკისრება კონკურენციის სააგენტოს, რომლის საქმიანობა მეტად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია. ამ პროცესში აუცილებელია რომ, სააგენტომ მოახდინოს ერთის მხრივ კანონმდებლობის ეფექტური აღსრულება და შესაბამისი სისტემის განვითარება, ხოლო მეორეს მხრივ დარჩეს თავისუფალი ყოველგვარი პოლიტიკური თუ ბიზნეს ზეგავლენისგან. ამასთან გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ სააგენტოს თითოეული ქმედება პირდაპირ თუ ირიბად გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომკურ სისტემაზე, საინვესტიციო გარემოზე და სამეწარმეო საქმიანობაზე. შესაბამისად აღნიშნული გარემოებები სააგენტის მხრიდან მოითხოვს ფრთხილ და გააზრებულ მოქმედებებს.  ამასთან, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ისეთი სახის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბება სადაც ადგილი არ ექნება კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებებს და ქმედებებს. ამასთან, პარალელურ რეჟიმში აუცილებელია ინტენსიური კომუნიკაცია ბიზნეს სექტორთან და მოსახლეობასთან, რათა დაინტერესებულ პირებს მიეწოდოს მაქსიმალური ინფორმაცია სააგენტოს საქმიანობის შესახებ. ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ უმჯებესია თუ სააგენტო ყურადღებას დაუთმობს საკუთარი ელექტრონული რესურსების განვითარებას და მათ ეფექტურ გამოყენებას. საერთო ჯამში მნიშვნელოვანია, რომ კონკურენციის სააგენტოს მხრიდან მაქსიმალურად მოხდეს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების რეალიზება და პრაქტიკაში განხორციელება, ხოლო საქმიანობის პროცესში სააგენტომ მოახდინოს მისი საქმიანობის ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა. აღნიშნული წარმოადგენს სააგენტოს ეფექტურობის და წარმატების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს განსაზღვრელ ფაქტორს.

აუცილებელი ღონისძიებები

საქართველოში გართულებული ეკონომიკური მდგომარეობის, არასახარბიელო საინვესტიციო პერსპექტივების და ევროკავშირის ბაზართან თავსებადობის გათვალისწინებით უმნიშნელოვანესია, რომ მოქმედი ხელისუფლების მხრიდან კონკურენციის პოლიტიკის კუთხით შეიქმნას ეფექტური სისტემა, დაინერგოს ახალი პრაქტიკა, მოხდეს პრობლემების იდენტიფიცირება და რეგულირება. კერძოდ, აღნიშნული მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების კუთხით მნიშვნელოვანია:

– ცვლილებების გატარება კონკურენციის მარეგულირებელი კანონმდებლობის ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად; – კონკურენციის სააგენტოს მიერ შენარჩუნდეს კანონით მინიჭებული დამოუკიდებლობა და დარჩეს თავისუფალი ყოველგვარი ზეგავლენისგან; – სააგენტომ უზრუნველყოს თავისი საქმიანობის ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა; – მოხდეს დაკვირვება და შესწავლა იმ ბაზრების, რომელთა მიმართაც არსებული მდგომარეობა ყველაზე მეტად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე; – ისეთი სახის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბება სადაც ადგილი არ ექნება კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებებს და ქმედებებს; – მაქსიმალური ძალისხმევის მიმართვა ისეთი გარემოს შესაქმნელად სადაც იქნება საუკეთესო შესაძლებლობა მცირე და საშუალო ბიზნესის განსავითარებლად.

შემაჯამებელი პოზიცია

ცხადია, ისეთი თავისუფალი კონკურენტული ბაზარი, სადაც აღმოფხვრილია ბაზრის დომინანტი კომპანიების მხრიდან არსებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა და სადაც ადგილი არ აქვს  კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებებს და მოქმედებებს, ავტომატურად ქმინს საუკეთესო გარემოს ბიზნების განსავითარებლად და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ესეთი მნიშვნელობის გამოწვევები რთულ და ფრთხილ მოქმებას მოითხოვს, თუმცა ამასთან აღსანიშნავია რომ მისი ეფექტურობის და წარმატების ერთ-ერთი მნიშნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი სწორედ სწრაფი და დროული ქმედებებია. ამ მიზნით მნიშვნელოვანია, რომ კონკურენციის სააგენტოს მხრიდან მაქსიმალურად მოხდეს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების რეალიზება და პრაქტიკაში განხორციელება. 

“სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტი” განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს კონკურენციის პოლიტიკის და ბიზნეს გარემოს შესწავლას. მომავალში ჩვენ კვლავ განვაგრძობთ კონკურენციის სააგენტოს საქმიანობაზე დაკვირვებას და შედეგების საზოგადოებისათვის გაცნობას.

სოციალური ქსელი