როგორ მიმდინარეობს კონკურენციის სააგენტოს მიერ ნავთობპროდუქტების ბაზარის კვლევა

  • July 1, 2015

კონკურენციის სააგენტოს მიერ განხილულ და მიმდინარე საქმეებს შორის საზოგადოების ყველაზე მაღალ ინტერესს იწვევს ნათობპროდუქტების ბაზარი, რომლის მოკვლევაც სააგანტომ საკუთარი ინიციატივით დაიწყო. სააგენტოს აღნიშნული ბაზრით დაინტერესება სწორედ მაღალმა საზოგადოებრივმა ინტერესმა გამოიწვია. ნავთობპროდუქტების ბაზარი უკვე მრავალი წელია მიიჩნეოდა საქართველოში არასწორი საბაზრი პოლიტიკის შედეგად გამოწვეული უარყოფითი შედეგების ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად. აღნიშნულ საკითხზე მუდმივად ხდებოდა საუბარი საზოგადოებაში, მედიაში, გაკეთებულა არაერთი განცხადება არაკეთილსინდისიერი ბიზნესის მეთოდების გამოყენების თუ საკუთრების უფლებების შელახვის თაობაზე. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ნავთობროპუქტების ბაზარზე არსებული დარღვევები თვალნათელია და  დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს.

კონკურენციის სააგენტომ აღნიშნული ბაზრის კვლევა დაიწყო 2014 წლის 12 ნოემბერს. კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის 25.1 მუხლის შესაბამისად სააგენტო ვალდებულია მოკვლევის დაწყებიდან 3 თვის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება, თუმცა ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს გამონაკლის წესს განსაკუთრებით მნიშნელოვანი და რთული საქმეებისათვის, რაც სააგენტოს უფლებას აძლევს მოკვლევის ვადა 10 თვემდე გაახანგრძლივოს. კონკურენციის სააგენტო უკვე გასცდა ზოგადი წესით დადგენილ 3 თვიან ვადას და გაახანგრძლივა მოკვლევის პერიოდი. 10 თვიანი ვადის მაქსიმალურად გამოყენების შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია ნავთობპროდუქტების ბაზრის მოკვლევა დაასრულოს და მიიღოს გადაწყვეტილება 2015 წლის სექტემბრის შუა პერიოდამდე. თუკი სააგენტო მოახერხებს ბაზარზე დარღვევეის აღმოჩენას, მას უფლება აქვს მოსთხოვოს დამრღვევს განხორციელებული უკანონო ქმედების შეწყვეტა, კანონთან შესაბამისობაში მოყვანა და დააჯარიმოს დამრღვევი. უშუალოდ ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დამრღვევის წინა ფინანსური წლის განმავლობაში არსებული წლიური ბრუნვის 5%-ს.

დღესდღეობით, რამდენადაც კვლავ არაა ცნობილი რაიმე სიახლე საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, საზოგადეობაში არსებობს კითხვები თუ რამდენად გამართლებულია მაქსიმალური 10 თვიანი მოკვლევის ვადის გამოყენება და უნდა ველოდოთ თუ არა შედეგად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. მოკვლევის ვადასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებებისა და ქმედებების გამოვლენა და აღკვეთა არ წარმოადგენს მარტივი კატეგორიის საქმეებს. მისი სირთულიდან გამომდინარე შეუძლებელია 10 თვიანი ვადა მიჩნეული იქნას ზედმეტად ხანგრძლივად ანდა არაგონივრულად. მნიშვნელოვანია რომ, კონკურენციის სააგენტოს მხრიდან ნებისმიერი გადაწყვეტილება საჭიროებს მაღალი ხარისხის დასააბუთებას, რომლის არ არსებობის შემთხვევაში მაღალია ალბათობა, რომ იგი არ გაიზიაროს სასამართლომ და გააუქმოს კიდევაც.

რამდენად წარმატებულად და იმედისმომცემად მიმდინარეობს გამოძიება ჯერ ჯერობით უცნობია. როგორც 2015 წლის დასაწყისში იქნა გაცხადებული, პირველადი კვლევის შედეგებიდან გამომდიანრე იკვეთებოდა  კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის  ნიშნები. ის თუ რამდენად წარმატებით შეძლებს სააგენტო აღნიშნული საქმის დასრულებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს კონკურენციის პოლიტიკის შემდგომ მიმართულებებს საქართველოში. აღნიშნული შეიძლება გახდეს პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რომელიც საფუძველს დაუდებს შემდგომ მაშტაბურ მოკვლევებს სხვა მნიშვნელოვან ბაზრებზე.

სოციალური ქსელი