თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის მიზანი და პოტენციური რისკები

  • October 15, 2015

საქართველოში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის მიზეზი და მიზანი პირობითად შეიძლება დაიყოს სამ ჯგუფად. კერძოდ, ეკონომიკური – ითვალისწინებს გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამოყენებას, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში აქტიურ ჩაბმას. სოციალური – ითვალისწინებს შედარებით ჩამორჩენილი რეგიონების განვითარების სტიმულირებას, კვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. მეცნიერულ-ტექნიკური – ითვალისწინებს უცხოური და ადგილობრივი მოწინავე ტექნოლოგიების მოზიდვას, დანერგვას და განვითარებას.

უფრო კონკრეტულად, საქართველოში თავისუფალი ეკონომიკური ზონის რამდენიმე სახეობის შექმნა მიზნად ისახავს კერძო ინვესტიციების გზით ქვეყნის მაშტაბით კონკრეტული რეგიონების და საქმიანობის სახეობის განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და სამეწარმეო აქტივობის ხელშეწყობას. თუმცა, შესაბამისი მარეგულირებელი კანონმდებლობის შექმნის, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების და საშეღავათო სისტემის დაწესების გარდა მნიშვნელოვანია დადგინდეს თუ რამდენად წარმატებით ფუნქციონირებენ თავისუფალი ეკონომიკური ზონის კონკრეტული სახეობები პრაქტიკაში. უნდა აღინიშნოს რომ, საქართველოში თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნის პერიოდი მხოლოდ რამდენიმე წელს მოიცავს, რაც ართულებს სრულყოფილ ანალიზს და არგუმენტირებულ დასკვნას თუ რამდენად წარმატებულია მათი პრაქტიკული საქმიანობა.

ამასთან, საკანონმდებლო და საშეღავათო პირობების უზრუნველყოფა და ინფრაქტრუქტურის მოწყობა არ წარმოადგენს ზონის წარმატებული ფუნქციონირების უპირობო გარანტს. მნიშვნელოვანია ქვემოთ მოცემული პოტენციური რისკების და საფრთხეების განსაზღვრა და ანალიზი:

  •  ახლად შექმნილი თავისუფალი ეკონომიკური ზონა წარმოადგენს უკვე მოქმედი და ავტორიტეტული ზონების ალტერნატივას, რომლებსაც გააჩნიათ საქმიანობის მსგავსი სპეციფიკა ან/და ტერიტორიული სიახლოვე. აღნიშნული ქმნის საშიშროებას, რომ ახლადშექმნილი ზონა ვერ გაუძლებს მაღალ კონკურენციას..
  •  თავისუფალი ეკონომიკური ზონა ერთის მხრივ ხელს უწყობს საინვესტიციო პროცესების გააქტიურებას, მაგრამ მეორეს მხრივ ხელს უწყობს მისი მიმდებარე ტერიტორიების დაცლას და ეკონომიკურ კვდომას. კერძოდ, საშეღავათო სისტემის არსებობის პირობებში ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის ქვეყანაში პრიორიტეტული ხდება თავისუფალი ეკონომიკური ზონა.
  •  თავისუფალი ეკონომიკური ზონის სხვადასხვა სახეობების შექმნის მიზნით ქვეყანაში საგადასახადო რეჟიმის და ადმინისტრაციული მოთხოვნების ხშირი ცვლა უარყოფით გავლენას ახდენს სამეწარმეო საქმიანობის აქტივობაზე.
  •  ქვეყნის საზღვაო ნავსადგურში ინვესტიციის მიუხედავად თავისუფალი ეკონომიკური ზონისთვის მისი ნაწილობრივ ან სრულად დათმობის შემთხვევაში სახელმწიფო მოკლებული იქნება თავისი საზღვაო და საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის სრულად რეალიზების შესაძლებლობას.
  •  თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის შემდეგ აღნიშნული ტერიტორია რჩება ქვეყნის ეკონომიკური კონტროლის გარეთ და სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტს უმცირდებათ შემოსავალი.
  •  მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში არსებობს არალეგალური საქმიანობის, ფულის გათეთრების და კორუფციული გარიგებების წარმოების მაღალი ალბათობა.

ცხადია, მაღალი დონის  საშეღავათო პირობები, ინფრაქტრუქტურის მოწესრიგება, სახელმწიფოს მხრიდან ზონის საქმიანობაში ჩაურევლობა და მაქსიმალური მხარდაჭერა არის თავისუფალი ეკონომიკური ზონის წარმატების და განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობა, თუმცა არ წარმოადგენს მისი წარმატების უპირობო გარანტს. საქართველოს შემთხვევაში აუცილებელია მოხდეს ზემოთაღნიშნული პოტენციური რისკების და საშიშროებების განსაზღვრა და მათი მინიმუმადე დაყვანის ან/და აღმოფხვრის მიზნით გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები. კერძოდ, მნიშვნელოვანია მოხდეს უცხოეთის ქვეყნებში თავისუფალი ეკონომიკური ზონის ფუნქციონირების წარმატებული და წარუმატებელი მაგალითების და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკური და საინვესტიციო მდგომარეობის ხელახალი შესწავლა და ანალიზი. ხოლო, აღნიშნული პროცესის შემდე თავისუფალი ეკონომიკური ზონის რეგულირების და საქმიანობის სრულყოფის მიზნით აუცილებელია შესაბამისი მიმართულებებით ცვლილებების გატარება. სწორედ მსგავსი კომპლექსური ღონისძიებების გატარების გზით იქნება შესაძლებელი საქართველოში თავისუფალი ეკონომიკური ზონის  სხვადასხვა სახეობის შექმნა და ფუნქციონირება გამოდგეს წარმატებული.

სოციალური ქსელი