კონკურენციის პოლიტიკის გამოწვევები

  • December 4, 2015

„სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტი” მრავალჯერ შეეხო ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებს როგორიც არის კონკურენციის პოლიტიკის არსი და მიზანი, მოქმედი პოლიტიკა და ბიზნეს გარემო, არსებული ხარვეზები და გამოწვევები, სააგენტოს მისია, როლი და საქმიანობა. მოცემული აქტივობის უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ კონკურენციის კანონმდებლობის ეფექტური აღსრულება და თავისუფალი და კონკურენტური ბაზრის ჩამოყალიბება თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთ მნიშნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით მნიშვნელოვანია კონკურენციის პოლიტიკის კვლევა, ანალიზი და მიღებული შედეგების საზოგადოებისათვის გაცნობა.

ცხადია, ისეთი თავისუფალი კონკურენტული ბაზარი, სადაც აღმოფხვრილია ბაზრის დომინანტი კომპანიების მხრიდან არსებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა და სადაც ადგილი არ აქვს  კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებებს და მოქმედებებს, ავტომატურად ქმინს საუკეთესო გარემოს ბიზნების განსავითარებლად და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ესეთი მნიშვნელობის გამოწვევები რთულ და ფრთხილ მოქმებას მოითხოვს, თუმცა ამასთან აღსანიშნავია რომ მისი ეფექტურობის და წარმატების ერთ-ერთი მნიშნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი სწორედ სწრაფი და დროული ქმედებებია. ამ მიზნით მნიშვნელოვანია, რომ კონკურენციის სააგენტოს მხრიდან მაქსიმალურად მოხდეს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების რეალიზება და პრაქტიკაში განხორციელება. კერძოდ, ისეთი გარემოს ფორმირება სადაც აღმოფხვრილი იქნება კონკურენციის შემზღუდველი და ზიანის მომტანი შეთანხმებები და გარიგებები.

საქართველოში გართულებული ეკონომიკური მდგომარეობის, არასახარბიელო საინვესტიციო პერსპექტივების და ევროკავშირის ბაზართან თავსებადობის გათვალისწინებით უმნიშნელოვანესია, რომ მოქმედი ხელისუფლების მხრიდან კონკურენციის პოლიტიკის კუთხით შეიქმნას ეფექტური სისტემა, დაინერგოს ახალი პრაქტიკა, მოხდეს პრობლემების იდენტიფიცირება და რეგულირება. კერძოდ, აღნიშნული მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების კუთხით მნიშვნელოვანია:

– ცვლილებების გატარება კონკურენციის მარეგულირებელი კანონმდებლობის ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად;
– კონკურენციის სააგენტოს მიერ შენარჩუნდეს კანონით მინიჭებული დამოუკიდებლობა და დარჩეს თავისუფალი ყოველგვარი ზეგავლენისგან;
– სააგენტომ უზრუნველყოს თავისი საქმიანობის ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა;
– მოხდეს დაკვირვება და შესწავლა იმ ბაზრების, რომელთა მიმართაც არსებული მდგომარეობა ყველაზე მეტად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე;
– ისეთი სახის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბება სადაც ადგილი არ ექნება კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებებს და ქმედებებს;
– მაქსიმალური ძალისხმევის მიმართვა ისეთი გარემოს შესაქმნელად სადაც იქნება საუკეთესო შესაძლებლობა მცირე და საშუალო ბიზნესის განსავითარებლად.

“სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტი” განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს კონკურენციის პოლიტიკის და ბიზნეს გარემოს შესწავლას. მომავალში ჩვენ კვლავ განვაგრძობთ პროცესზე დაკვირვებას და შედეგების საზოგადოებისათვის გაცნობას.

სოციალური ქსელი