მომხმარებელთა უფლებები საქართველოში

  • May 16, 2016

მომხმარებლები წარმოადგენენ საზოგადოების ყველაზე ფართო ჯგუფს, რომელიც აერთიანებს თითქმის მთელს საზოგადოებას. ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოში მცხოვრებ პირთა აბსოლუტური უმრავლესობა წარმოადგენს ამა თუ იმ პროდუქციის თუ სერვისის მომხმარებელს და როდესაც სახეზეა მომხარებელთა უფლებებისადმი უყურადღებობა ან მათი უფლებების შელახვა, მსხვერპლს წარმოადგენს მთელი საზოგადოება და ასევე მისი თითოეული წევრი ინდივიდუალურად.

განვითარებულ მსოფლიოში არსებულ ტენდენციას, მომხარებელთა უფლებების დაცვის გარანტიების მუდმივი ზრდის  და გაუმჯობესების მიმართულებით, საქართველო არ უერთდება და პირიქით განიცდის რეგრესს. 2012 წლიდან საქართველოში გაუქმებულია კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ. დღესდღეობით მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით საქართველო ერთ-ერთ ჩამორჩენილ ქვეყანას წარმოადგენს. მომხმარებელთა უფლებების მასიური უგულვებელყოფის მიზეზებს წარმოადგენს ბიზნეს სექტორის დაბალი სოციალური პასუხისმგებლობა, მომხმარებელთა პატივისცემაზე დამყარებული ქცევის კულტურისა და ტრადიციის არ არსებობა, საზოგადოების ცნობიერებისა და ინტერესის დაბალი დონე.

გარდა ზემოაღნიშნულის, პრობლემის უპირველეს საფუძელს წარმოადგენს სათანადო საკანონმდებლო რეგულირების არ არსებობა. აღნიშნული წარმოშობს ხარვეზს კონსტიტუციაშიც, რამდენადაც საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით აღიარებულია და დაცულია მომხმარებელთა უფლებები. კერძოდ, კონსტიტუციაში განცხადებულია, რომ „მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით,“ თუმცა უკვე ორი წელიწადზე მეტია აღნიშნული მუხლის საწინააღმდეგოდ საქართველოს მოხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი არ გააჩნია. საქართველოში არსებულ მწვავე მდგომარეობაზე მიუთითებდა ევროკავშირი საქართველოსთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრიცეზე შეთანხმებისათვის მოლაპარაკებების დაწყების წინ. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან არსებულმა ჯგუფმა შეიმუშავა ახალი კანონპროექტი თუმცა მისი მიღება დღემდე არ მომხდარა. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა გააქტიუროს მუშაობა აღნიშნული მიმართულებით და დაჩქარდეს კანონის მიღება.

იმისათვის რომ მოხდეს არასასრუველი სატატუს ქვოს უკეთესობისაკენ შეცვლა, საკანონმდებლო მუშაობის გარდა, აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოებების გააქტიურება. დღესდღეობით ჩვენ ვაწყდებით სიტუაციას, როდესაც მომხმარებელთა უფლებები რჩება არააქტუალურ და არაპოპულარულ საკითხად, ამ მიმართულებით თითქმის არ ხდება რაიმე სახის კვლევა და მუშაობა. მოსახლეობის ცნობიერება რჩება დაბალ დონეზე. მომხმარებელთათვის უფლებების მინიჭება, თუკი მომხმარებელთა უმრავლესობისათვის ეს უფლებები უცნობი დარჩება, რაიმე მნიშვნელოვან შედეგს ვერ გამოიღებს.

კანონპროექტი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ თვალისწინებს თავს „საზოგადოებრივი დაცვა“, სადაც ხაზგასმითაა გამოკვეთილი არასამთავრობო ორგანიზაციების როლი მომხმარებელთა დაცვის პოლიტიკის განვითარებასა და განხორციელებაში. „სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტი“ გეგმავს მუშაობის გაგრძელებას ამ მიმართულებით, ყურადღებას დაუთმობს ამ სფეროში მიმდინარე სიახლეებს და  პერიოდულად გამოაქვეყნებს ბლოგებს, ასევე აწარმოებს მუშაობას მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხის პოპულარიზების მიმართულებით.

სოციალური ქსელი