სამშენებლო კანონდებლობა: რისკი და გამოწვევები

  • June 16, 2016

ბოლო პერიოდის განმავლობაში ქვეყანის მაშტაბით სისტემატიურად მატულობს კერძო სამშენებლო პროექტები, რომლებიც ითვალისწინებენ საცხოვრებელი კორპუსების, ბეზნეს და გასართობი ცენტრების მშენებლობას. მსაგვსი მშენებლობების მიმართ უმეტესწილად ჩნდება კითხვები გაცემული ნებართვის კანონიერების, არსებული სტანდარტების დაცვის, უსაფრთხოების წესების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებთან დაკავშირებით. აღნიშნული განპირობებულია უპირველე ყოვლისა სამშენებლო ნომრების ბუნდოვანებით და ეფექტური კონტროლის განხორციელების შეუძლებლობით. შესაბამისად, სათანადო რეგულირების არარსებობის გათვალისწინებით, სამშენებლო კომპანიებს შესაძებლობა ეძლევათ თავი აარიდონ მაღალი სტანდარტების  დაცვას და მინიმალური ხარჯებით მოახდინონ ძვირადღირებული ნაგებობების აგება.

მნიშვნელოვანია თუ რამდენად უსაფრთხოა საქართველოში განხორციელებული მშენებლობები და რა წესებით რეგულირდება აღნიშული სფერო. სამწუხაროდ, საბჭოთა ნორმების და წესების უმეტესობა საქართველოში დღემდე გამოყენებაშია და არჩევის შემთხვევაში სავალდებულო ძალა აქვს. გარდა საბჭოთა ნორმებისა, არსებობს ქართული სამშენებლო წესები და ნორმები, თუმცა სულ რამოდენიმე მიმართულებით და მას არ აქვს ერთიანი, კომპლექსური რეგულირების სახე. მოცემულ საკითხში არსებული ხარვეზის შევსებას შეეცადა საქართველო მთავრობა 2006 წელს, როდესაც დაუშვა მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ტექნიკური რეგულირების ნორმების გამოყენება. რასაკვირველია, როგორც საბჭოთა, ისე თანამედროვე ქვეყნების ნორმების გამოყენების დაშვება გარდამავალი ეტაპია, თუმცა სფეროს საბოლოო დარეგულირება საკმაოდ გაჭიანურდა, რაც აზარალებს პირველ რიგში მოსახლეობას, სამშენებლო სექტორს და ეჭქვეშ აყენებს მიმდინარე თუ დასრულებული მშენებლობების ხარისხს.

აუცილებელია, რომ საქართველო საბოლოოდ ჩამოშორდეს მოძველებულ საბჭოთა ნორმებს და სანაცვლოდ შეუერთდეს რომელიმე საერთაშორისო სამშენებელო კოდს. ერთის მხრივ, ეს შესაძლებელია იყოს საერთაშორისო სამშენებლო კოდი (IBC), რომლის პირველი რედაქცია გამოიცა 2000 წელს. თუმცა, კოდი მთლიანად მორგებულია ამერიკულ სისტემაზე, ამიტომ მისი საქართველოში შემოღება აუცილებლად საჭიროებს ადაპტირებას და ცალკეულ სფეროებში ახალი მიდგომის შემოღებას. ხოლო მეორეს მხრივ, უნდა განიხილოს ევროკოდების შემოღების საკითხი, რომელიც არის ევროპული სტანდარტების კრებული შენობებისა და ნაგებობების დაპროექტებისათვის, სამოქალაქო სამშენებლო სამუშაოებისათვის და სამშენებლო მასალებისათვის. მათ სავალდებულო ძალა გააჩნიათ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისათვის. იგი  ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშავდებოდა და პირველი ევროკოდი 2002 წელს გამოიცა. განსხვავებით IBC-გან ევროკოდები თავსებადია ქართულ სისტემასთან და უფრო ახლოა საქართველოში ხანგრძლივი პრაქტიკის მქონე “სნიპებთან” და “გოსტებთან”.

დღესდღეობით საქრთველოში ძალიან ბევრი, ერთმანეთისაგან განსხვავებული და არაჰარმონიზებული სამშენებლო ნორმები მოქმედებს, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს სამშენებლო სექტორს, შესრულებული სამუშაოების ხარისხს და რასაკვირველია საფრთხეს უქმნის მოსახლეობის უსაფრთხოებას. საქართველომ უნდა გააკეთოს არჩევანი რომელიმე კონკრეტული მიმართულებით, შემდგომ კი დაგეგმოს და განახორციელოს სტრატეგიული, მრავალწლიანი სამუშაო, რათა საქართველოში სრულყოფილად დაინერგოს თანამედროვე სამშენებლო რეგულაციები და მოუწესრიგებელი სამშენებლო სფერო საბოლოოდ დარეგულირდეს. მნიშვნელოვანია, რომ ზემოაღნიშნული პროცესი აყვანილ იქნას პრიორიტეტულ მიმართულებად და აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით. მიგვაჩნია, რომ სამშენებლო სფეროს დარეგულირება აუცილებელია და აღნიშნული უნდა განხორციელდეს სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამშენებლო ინდუსტრიისა და აკადემიური წრეების კოორდინირებული მუშაობით. მნიშვნელოვანია სრულად მოხდეს საერთაშორისო სტანდარტების მნიშვნელობის გაცნობიერება და გადაწყვეტილების მიღება სათანადოდ ინფორმირებული სამშნებლო სექტორის მონაწილეობით.

სოციალური ქსელი