საკუთრების უფლება: პრობლემები და ხარვეზები

  • July 1, 2016

სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტი“ რამდენჯერმე გამოეხმაურა  მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი სახელმწიფო კომისიის შექმნის იდეას და დარღვეული საკუთრების უფლების აღდგენის საკითხს. აღნიშნულის მნიშვნელობას განაპირობებს ის გარემოება, რომ  2004-2012 წლების განმავლობაში კერძო მესაკუთრეთა მიერ ქონების მიტოვების და სახელმწიფოსთვის ჩუქების არაერთი ფაქტი გამოვლინდა. ამ პროცესში ფიზიკური და იურიდიული პირები საეჭვო ვითარებაში თმობდნენ მოძრავ და უძრავ ქონებას, რა დროსაც  როგორც წესი არ აკეთებდნენ საჯარო განცხადებებს და არ მიმართავდნენ სამართალდამცავ უწყებებს შესაძლო ზეწოლის და იძულების ფაქტების შესახებ.

უშუალოდ საპარლამენტო არჩევნების შემდეგომ საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა ათასობით მოქალაქემ ჩამორთმეული კერძო საკუთრების დაბრუნების და უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის შესწავლის მოთხოვნით. ამ მიზნით მოქმედი ხელისუფლების მიერ პირველ ეტაპზე გახმოვანდა “მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის” შექმნის იდეა, რომლის ფარგლებში დაზარალებულ მოქალაქეებს შეეძლებოდათ კანონიერი უფლებების აღდგენა. კერძოდ, კომისია გამოიკვლევდა საჩივრებში მითითებულ გარემოებებს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე. შემდგომ ეტაპზე შეიმუშავებდა და შესაბამის ორგანოებს წარუდგენდა მოსაზრებებს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში დაშვებული ხარვეზების გამომწვევი სისტემური მიზეზების თაობაზე. ასევე, გასცემდა რეკომენდაციებს მათი აღმოფხვრისა და მომავალში თავიდან აცილების შესახებ. თუმცა შემდგომ, იმ მოტივით, რომ ეს გზა შესაძლოა მძიმე ფინანსური ტვირთი აღმოჩნდეს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, კომისია მხოლოდ ერთი კატეგორიის, კერძოდ სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავს, ისიც იმ შემთხვევაში თუ მომჩივანს ყველა სასამართლო ინსტანცია გავლილი აქვს ან  საპროცესო შეთანხმება ზეწოლის ან იძულების გამოყენებით არის დადებული. 

აღნიშნული გადაწყვეტილებით ფაქტიურად რეაგირების გარეშე დარცა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი როგორიცაა საკუთრების უფლება, კერძოდ მისი დაცვის გარანტიები და დარღვეული უფლებების აღდგენის პერსპექტივა. მნიშვნელოვანია, რომ  კანონიერების და სამართლიანობის აღდგენა მოხდეს საკუთრება წართმეული პირის მიმართ. ის ფაქტი, რომ მსგავსი ნაბიჯი სახელმწიფო ბიუჯეტისთვის შეიცავს ფინანსურ რისკებს, არ წარმოადგენს დარღვეული საკუთრების უფლების, როგორც კონსტიტუციური უფლების უგულველყოფის საფუძველს. ამასთან, ის ფაქტი რომ მთავარი პროკურატურა შესული განცხადებების სიმრავლის და მცირე საკადრო რესურსის გათვალისწინებით ვერ ახერხებს საქმეების დროულ გამოძიებას, ცხადია ამძიმებს დაზარალებულ მესაკუთრეთა მდგომარეობას. ცხადია, შელახული საკუთრების უფლების აღდგენა არ უნდა დარჩეს მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებად. აუცილებელია სახელმწიფოს მიერ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გზით შემუშავდეს კონკრეტული მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც მოხდება კანონიერი უფლების აღდგენა. 

საერთო ჯამში, მოქმედი ხელისუფლების მხრიდან კომისიის შექმნასთან მიმართებაში სრული უმოქმედობა არსებული მძიმე რეალობის გათვალისწინებით არის მიუღებელი და უსაფუძვლო გადაწყვტილება. ის ქონება რომელიც ამ დროისთვის სახელმწიფოს ბალანსზეა, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გავლით უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს. ხოლო გასხვისებული ქონების შემთხვევაში  უნდა მოხდეს გრძელვადიან პერსპექტივაში არამატერიალური ალტერნატიული წინადადებების შეთავაზება. ცხადია, მიუხედავად არსებული მძიმე მდგომარეობის და საჩივრების სიმრავლის, დაუშვებელია ქვეყანაში პარალელური მართლმსაჯულების სისტემის ფორმირება. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის და არსებული მძიმე რეალობის გათვალისწინებით ხელისუფლებამ უმოკლეს ვადაში უნდა მოახდინოს სავარაუდო კომპესაციების გაცემის პროცედურების და სამომავლო ვადების განსაზღვრა, რათა არ მოხდეს მნიშვნელოვანი ფინანსური დანახარჯები და რისკები სახელმწიფო ბიუჯეტისთვის. ამასთან, სახელმწიფომ დაზარალებული მესაკუთრეების ინტერესებიდან გამომდინარე მის ხელთ არსებული სამართლებრივი მექანიზმების სრული გამოყენებით დროულად უნდა მოახდინოს კომისიის შექმნა და მის ფორმატში საქმეების შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.

სოციალური ქსელი