ბირთვული შეთანხმებიდან კიბერ დაპირისპირებამდე

მამუკა კირკიტაძე
ეროვნული უსაფრთხოების მიმომხილველი

ტრამპის გადაწყვეტილება ირანის ბირთვული შეთანხმების დატოვებაზე არავისთვის ყოფილა მოულოდნელი. წინასაარჩევნო კამპანიის დროს მან განაცხადა, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში აუცილებლად გადახედავდა ირანთან დადებულ ბირთვულ შეთანხმებას და ეცდებოდა ის უფრო ეფექტური გაეხადა. ბევრი სკეპტიკურად იყო განწყობილი ამ დაპირების მიმართ, ბევრ ექსპერტსაც მიაჩნდა, რომ ევროპელი მოკავშირეების ძალისხმევით აშშ შეძლებდა შეთანხმების შენარჩუნებას.

მაგრამ, 2018 წლის 8 მაისს ამერიკა ირანთან დადებული ბირთვული ხელშეკრულებიდან გავიდა. ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში განცხადება გააკეთა. აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ეს იყო „საშინელი, ცალმხრივი შეთანხმება, რომელსაც მშვიდობა არ მოუტანია და არც არასდროს მოიტანს“.[1] აშშ-ს ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლა ნიშნავს, ირანზე მკაცრი სანქციების აღდგენას, რომლებიც 2015 წელს დადებული ხელშეკრულების დროს ნაწილობრივ გაუქმდა.

ირანთან გარიგების დადება მარტივი ძალისხმევით ნამდვილად არ მოსულა. 2001 წლის სექტემბერში აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ, ირანი ღიად დაადანაშაულა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ბირთვული იარაღის პროგრამის ფლობაში. ერთი წლის შემდეგ კი, აშშ-ს იმდროინდელმა პრეზიდენმა ჯორჯ ბუშ უმცორსმა ირანი ერაყთან და ჩრდილოეთ კორეასთან ერთად „ბოროტების ღერძად“ მოიხსენია.[2]

არსებული მდგომარეობა რეალურად 2002 წელს დაიწყო როდესაც ირანის ბირთვული პროგრამის მტკიცებულება გასაჯაროვდა. მიუხედავად იმისა, რომ ირანის სულიერმა ლიდერმა ალი ხამენეიმ ოფიციალურად უარყო ბირთვული კვლევის საომარი მიზნებისთვის გამოყენება, ბევრს ეჭვი ეპარებოდა, რომ თეირანის ურანის გამდიდრების მასშტაბი საგრძნობლად აჭარბებდა იმ რაოდენობას, რომელიც საჭიროა ბირთვული ენერგიის გამომუშავებისთვის. [3]

აღნიშნულმა ფაქტმა საერთაშორისო თანამეგობრობის აღშფოთება და ირანისთვის სანქციების დაწესება გამოიწვია. აშშ და ევროპა ირანის ბირთვული იარაღის წარმოების სასტიკი წინააღმდეგი იყო, რომელიც საერთაშორისო არენაზე, განსაკუთრებით კი რეგიონში ცალსახად დესტაბილიზაციას გამოიწვევდა. ჯორჯ ბუშ უმცროსის ადმინისტრაციამ ირანთან მოლაპარაკებების პარალელურად დაიწყო ალტერნატიული გზების ძიება, რომელიც ხელს შეუშლიდა თეირანს ბირთვული იარაღის წარმოებაში. ამერიკას აღნიშნული გზების გაკაფვაში ისრაელი დაეხმარა, რომელიც ირანის ბირთვული არსენალით აღჭურვის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ამასთანავე ბუშის ადმინისტრაცია შიშობდა, რომ თუ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმებოდა, ებრაული სახელმწიფო ცალმხრივად წამოიწყებდა ირანის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმებს.

2006 წელს ბუშის ადმინისტრაციამ მუშაობა დაიწყო პროგრამაზე, კოდური სახელწოდებით – „ოლიმპიური თამაშები“. პროგრამა მიზნად ისახავდა არაკონვენციური გზებით, კონკრეტულად, კიბერ არხების მეშვეობით, თავდასხმა მიეტანა ირანის ბირთვულ რეაქტორებზე. „ოლიმპიური თამაშების“ შექმნაში ლომის წილი მიუძღვის ამერიკის სადაზვერვო სააგენტოებს (NSA, CIA), რომლებმაც ისრაელის „მოსადთან“ (Mossad) ერთად შექმენა კომპიუტერული ვირუსი “Stuxnet”.[4] 

უსაფრთხოების მკვლევარებმა დაადგინეს, რომ აღნიშნული პროგრამის სამიზნეს წარმოადგენდა ირანის ბირთვული ობიექტები, უპირველეს ყოვლისა, ურანის გამდიდრების ობიექტი ქალაქ ნატანზში (Natanz). მავნე პროგრამა კონკრეტულად უტევდა ურანის გამდიდრების პროცესს, რომელიც იწვევდა ცენტრიფუგებში წნევის აჩქარებას და ქმნიდა გარკვეული სახის ვიბრაციას, რომელსაც შეეძლო ძლიერად დაეზიანებინა ან საერთოდ გაენადგურებინა ურანის გასამდიდრებელი მოწყობილობა. Stuxnet-მა აშკარად შეძლო ურანის გამდიდრების პროცესის დროებით შეფერხება, მაგრამ ვერ მოახერხა ბირთვულ ობიექტზე რაიმე სახის კატასტროფული ზიანის მიტანა. ტექნიკური თვალსაზრისით Stuxnet-ი მისი მაღალი შესაძლებლობების გამო, ჩვეულებრივი მავნე პროგრამებისგან განსხვავებით გამონაკლის წარმოადგენდა. ზემოაღნიშნული თავდასხმა იყო ერთგვარი განგაშის ზარი, იმ თვალსაზრისით, რომ შესაძლებელი გახდა, კიბერ თავდასხმით ფიზიკური ზიანის მიყენება.

ამერიკის მიერ განხორციელებულ კიბერ შეტევას ირანის მხრიდან შურიძიების გარეშე არ ჩაუვლია. „აშშ-მ, ევროპამ, ისრაელმა ან ყველამ ერთად, ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყო, ირანმა გადაწყვიტა კიბერ-არმიის ჩამოყალიბება და დღეს, ოთხი ან ხუთი წლის შემდეგ, ირანს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კიბერ-არმია ჰყავს” – განაცხადა ყოფილმა დიპლომატმა, ჰოსეინ მუსავიანიმ.

2013 წელს აშშ-ს საბანკო სექტორზე განხორციელდა მასიური კიბერთავდასხმები, რის შედეგადაც ამერიკაში რამოდენიმე წამყვანმა ბანკმა მილიონობით დოლარი იზარალა.[5] ექსპერტების აზრით, ეს იყო ირანის შურისძიება რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალა 2010 წლის „ოლიმპიური თამაშები“ გახლდათ. 2018 წელს კი ამერიკამ ბრალი წაუყენა ირანის ცხრა მოქალაქეს, რომლებმაც ოთხი წლის განმავლობაში კიბერ შეტევებით მოახერხეს აშშ-ს 144 უნივერსიტეტიდან არასანქცირებულად მოეპოვებინათ აკადემიური მონაცემები და ინტელექტუალური საკუთრება. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ ეს იყო ერთ-ერთი უმსხვილესი, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კიბერ თავდასხმა.[6]

ფაქტობრივად, ამერიკის და ისრაელის ერთობლივი ძალისხმევა, მწყობრიდან გამოეყვანათ ირანის ბირთვული რეაქტორები, თეირანისთვის გახდა გარდამტეხი მომენტი, გადაეხედათ საკუთარი კიბერ სტრატეგიისთვის და ყურადღება დაეთმოთ აღნიშნული სფეროსთვის. დღესდღეობით ირანის კიბერ შესაძლებლობები უტოლდება, აშშ-ს,რუსეთის, ჩინეთის და ჩრდ. კორეის დონეს.[7]

2015 წელს ირანთან ბირთვული შეთანხმების გაფორმებამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები შედარებით დაარეგულირა. ობამას ადმინისტრაციამ მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად მოახერხა დროებით შეეკავებინა თეირანის სვლა ბირთვული იარაღის წარმოებისკენ. მას შემდეგ, რაც ბირთვულ გარიგებას ხელი მოეწერა, ირანის დესტრუქციული თავდასხმები აშშ-ზე შემცირდა.

უსაფრთხოების ფირმა „CrowdStrike”-ის მკვლევარებმა პრეზიდენ ტრამპის განცხადებიდან 24 საათის განმავლობაში გამოსცეს განცხადება სადაც ხაზგასმული იყო ირანის კიბერ აქტივობების აღსანიშნავი ზრდა. აშშ-ს ბირთვული შეთანხმების დატოვებისთანავე ირანელმა ჰაკერებმა დაიწყეს მავნე კოდური პროგრამების შემცველი ელ-ფოსტის დაგზავნა ამერიკის მოკავშირე დიპლომატებისთვის, რომელიც მიზნად ისახავდა მათი პერსონალური კომპიუტერების ინფიცირებას. „აქამდე ირანი შეზღუდული იყო, შეთანხმების დარღვევის შემდეგ კი მათ დასაკარგი არაფერი აქვთ”, – განაცხადა ვაშინგტონში სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და კიბერ უსაფრთხოების ექსპერტმა ჯეიმს ლევიზმა. [8]ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს გენერალური დირექტორის აზრით კი შეთანხმების დარღვევის შემდეგ აშშ და მისი მოკავშირეები მზად უნდა იყვნენ ირანის მხრიდან მომავალი მზარდი კიბერაქტივობებისთვის. 

ამასთან, ტრამპის მიერ ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმიდან გასვლისთანავე ფედერალური გამოძიების ბიურომ 23 მაისს გამოსცა კიბერ-გაფრთხილება სადაც ნათქვამია, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მოქმედმა კიბერ-აქტორებმა შესაძლოა მოახდინონ აშშ-ს ბიზნეს სექტორებზე თავდასმხა. FBI-ს აზრით ბირთვული შეთანხმებიდან გასვლა ირანელმა ჰაკერებმა შეიძლება განიხილონ როგორც აშშ-ზე კიბერ შეტევების განხორციელების გასასამართლებელი საბუთი.[9]

ყოფილი თეთრი სახლის კიბერ კოორდინატორის, მაიკლ დანიელის აზრით შეთანხმებიდან გასვლა აუცილებლად გამოიწვევს ირანის მხრიდან მზარდ კიბერ თავდასხმებს აშშ-ს კერძო და საჯარო სექტორზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ბირთვული შეთანხმების პერიოდშიც კი, ირანი აქტიურად ხვეწდა კიბერ უნარებს, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ამერიკის მოკავშირეების წინააღმდეგ იყო მიმართული.[10]

რა თქმა უნდა თეირანიდან მომავალ კიბერ საფრთხეებს ამერიკა მოუმზადებელი არ ხვდება. 2018 წლის აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში კიბერ შეტევები ნომერ პირველ საფრთხედ არის დასახელებული.[11] 2009 წელს დაარსებული ამერიკული კიბერ სარდლობა, 2018 წელს გარდაიქმნა როგორც სრული და დამოუკიდებელი ერთიანი საბრძოლო ელემენტი, რომელიც თავდაცვით კიბერ უნარებთან ერთად ყურადღებას ამახვილებს შეტევით კიბერ შესაძლებლობებზე. [12]

ასევე აღსანიშნავია პრეზიდენტ ტრამპის ახალი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის ჯონ ბოლტონის მოსაზრებები კიბერ სივრცესთან დაკავშირებით. მისი აზრით, ამერიკამ ოპონენტებს თვალნათლივ უნდა დაანახოს საკუთარი კიბერ შესაძლებლობები და ციფრული მოწინააღმდეგეებისგან როგორიცაა ჩინეთი, რუსეთი, ირანი და ჩრდ. კორეა მომავალ შეტევებს, თავდასხმითვე უპასუხოს.2014 წელს, როდესაც ჩრდილოეთ კორეამ არასანქცირებული კიბერ თავდასმა განახორციელა Sony Pictures Entertainment-ზე ბოლტონი ობამას ადმინისტრაციას მოუწოდებდა კიბერ შეტევითვე ეპასუხა დიქტატორული სახელმწიფოდან მომავალ კიბერ აგრესიაზე.[13]

აშშ-ს და ირანის ურთიერთობა, რომელიც 2015 წლის ხელმოწერილი ბირთვული შეთანხმებით შედარებით დასტაბილურდა აშკარაა, რომ დღეს ისევ საფრთხის წინაშეა. ტრამპის ადმინისტრაციის მიერ თეირანზე მკაცრი სანქციების ამოქმედება ორივე სახელმწიფოსთვის არასასურველ შედეგს მოიტანს, რაც კიბერ აგრესიით შეიძლება იყო გამოხატული. ფაქტია, რომ როგორც ვაშინგტონი, ასევე თეირანი მსოფლიოში საუკეთესო კიბერ შესაძლებლობების ქვეყნებად მოისაზრება, ქვეყნებად, რომლებიც კიბერ სივრცეს იყენებენ როგორც ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ასევე კონკრეტული მიზნების მისაღწევად. ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლამ აშშ დააყენა საფრთხის წინაშე, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ იქამდე უნდა გადაჭრას, სანამ კიბერ-პერლ ჰარბორი იჩენს თავს. 

შენიშვნები

[1] https://www.newyorker.com/news/news-desk/trump-destroys-the-iran-dealand-a-lot-more

[2] http://www.washingtonpost.com/wp-srv/onpolitics/transcripts/sou012902.htm?noredirect=on

[3] https://www.nytimes.com/2005/08/08/international/chronology-of-irans-nuclear-program.html

[4] https://www.washingtonpost.com/world/national-security/stuxnet-was-work-of-us-and-israeli-experts-officials-say/2012/06/01/gJQAlnEy6U_story.html

[5] https://www.reuters.com/article/us-usa-iran-cyber/u-s-indicts-iranians-for-hacking-dozens-of-banks-new-york-dam-idUSKCN0WQ1JF

[6] https://www.bbc.com/news/world-us-canada-43519437

[7] https://www.afcea.org/content/russia-iran-and-north-korea-bolder-cyber-realm

[8] https://www.smh.com.au/world/north-america/without-the-nuclear-deal-iranian-cyber-attacks-resume-20180512-p4zewk.html

[9] http://freebeacon.com/national-security/fbi-iran-launch-new-cyber-attacks/

[10] https://www.yahoo.com/news/obama-cyber-chief-iran-may-ramp-cyberattacks-trump-ditched-nuclear-deal-164600094.html?.tsrc=jtc_news_index

[11] https://www.dni.gov/files/documents/Newsroom/Testimonies/2018-ATA—Unclassified-SSCI.pdf

[12] https://www.defense.gov/News/Article/Article/1511959/cybercom-to-elevate-to-combatant-command/

[13] https://www.politico.com/story/2018/04/01/john-bolton-cyber-hawk-russia-451937

სოციალური ქსელი