პარლამენტის თავმჯდომარისადმი კოალიციის მიმართვა ზაზა ხარებავას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ

  • May 14, 2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბ-ნ ირაკლი კობახიძეს

კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის”

მიმართვა

მოგახსენებთ, რომ საგამოძიებო ჟურნალისტიკის ფარგლებში, „თავისუფლების მონიტორის” მიერ მომზადებული სიუჟეტით (https://bit.ly/2H3D9Ai) და სხვადასხვა მედია საშუალებებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის მიერ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი არამოსამართლე წევრის, ზაზა ხარებავას არჩევის დროს, დარღვეულ იქნა „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნა. კანონმდებლობით, ამ მოთხოვნის დარღვევა საბჭოს წევრისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია.

კოალიცია დაინტერესდა მოცემული შემთხვევით, შეისწავლა დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც ზაზა ხარებავა თანამდებობაზე აირჩიეს და მიაჩნია, რომ ის თანამდებობაზე კანონის დარღვევით იქნა განწესებული. შესაბამისად, მოგმართავთ განცხადებით, პარლამენტმა იმსჯელოს და პარლამენტის რეგლამენტის 212-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყვიტოს ზაზა ხარებავას.

პარლამენტის რეგლამენტის 219-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ზაზა ხარებავას წარდგენის მომენტისთვის (2017 წლის 2 ივნისი), მოქმედი რედაქციის მიხედვით „[…]არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უფლება აქვს, წარადგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში.” მსგავს მოთხოვნას ითვალისწინებს ასევე „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტიც.

მოცემული ნორმების ანალიზიდან ცალსახაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის, რომელიც საბჭოს წევრობის კანდიდატს წარადგენს, საქმიანობის ერთ-ერთი სფერო უნდა იყოს სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, რაც სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის იურიდიული მომსახურების გაწევას გულისხმობს (სასამართლო დავებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება).

ზაზა ხარებავა პარლამენტს 2017 წლის 2 ივნისს ა(ა)იპ საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთი” წარუდგინა. ორგანიზაციამ იმის დასადასტურებლად, რომ კონკურსის გამოცხადებამდე 2 წლის მანძილზე, მისი საქმიანობის ერთ-ერთ სფეროს სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება წარმოადგენდა, გარკვეული დოკუმენტაცია წარადგინა. ყველა წარდგენილ დოკუმენტში, ა(ა)იპ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი”, დავის მხარეს თავად წარმოადგენს და ორგანიზაცია არცერთ მითითებულ საქმეში სხვა პირის ინტერესებს არ იცავს. დოკუმენტების წარდგენის მომენტში, ზაზა ხარებავას წარმდგენი ორგანიზაცია, ვერ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნას, კერძოდ კი არ დასტურდებოდა ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთ სფეროდ სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება.შესაბამისად, ეს ორგანიზაცია არ იყო უფლებამოსილი წარედგინა საბჭოს წევრობის კანდიდატი, ხოლო პარლამენტის მიერ არაუფლებამოსილი ორგანიზაციის წარდგენილი კანდიდატის საბჭოს წევრად არჩევა, პარლამენტის რეგლამენტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის ცალსახა დარღვევაა.

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ” ქვეპუნქტის მიხედვით საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია „წევრად არჩევა ან დანიშვნა არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ ან ამ კანონით დადგენილი წესის დარღვევით.”

გამომდინარე იქედან, რომ ზაზა ხარებავას არჩევის პროცესში დარღვეულია როგორც „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტი, ასევე პარლამენტის რეგლამენტის (ზაზა ხარებავას წარდგენის მომენტისთვის მოქმედი რედაქციის) 219-ე მუხლის მე-3 პუნქტი, მოგმართავთ განცხადებით, იმსაჯელოთ და რეგლამენტის 212-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, უფლებამოსილება შეუწყვიტოთ საბჭოს არამოსამართლე წევრს, ზაზა ხარებავას.

პატივისცემით,

გიორგი მშვენიერაძე

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის”

თავმჯდომარე

14 მაისი, 2019 წ.

სოციალური ქსელი